ევროპის საბჭოს ექსპერტების შეფასებით ბოლო 3 წელში საქართველოს ციხეებში საგრძნობლად შემცირებულია სიკვდილიანობის მაჩვენებელი

ევროპის საბჭოს ექსპერტების ავტორობით მომზადებულ პენიტენციური ჯანდაცვის განვითარების 2014-17 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შუალედურ შეფასების მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ციხეებში საგრძნობლად შემცირებულია სიკვდილიანობისა და ავადმყოფობის მაჩვენებლები.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებისას ძირითადი მიღწევები არის მკვეთრად შემცირებული პატიმართა რაოდენობა და საპატიმრო დაწესებულებების დატვირთვის მაჩვენებელი, ასევე მკვეთრად გაზრდილია ჯანდაცვაზე გამოყოფილი რესურსი პენიტენციურ სისტემაში და ის ორჯერ აღემატება ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯებს სამოქალაქო სექტორში. შეფასებაში ასევე აღნიშნულია, რომ პენიტენციურ სისტემაში გაზრდილია სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, ასევე პატიმრებს ხელი მიუწვდებათ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებზე, როგორიცაა საკმარისი ფართის არსებობა საკანში, სისუფთავე და სასეირნო სივრცეები.

ევროპის საბჭოს ექსპერტების შეფასებით, ასევე წარმატებულად მიმდინარეობს C ჰეპატიტის მკურნალობის ღონისძიებები პენიტენციური დაწესებულებებში.

რაც შეეხება რეკომედაციებს, რომელიც შუალედურ შეფასებაშია ასახული, ის ძირითადად თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ასევე პატიმრების უფლებების დაცვას ეხება.

2015 წლის დეკემბერში ევროპის საბჭოს ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ჩაატარეს შუალედური შეფასება, რათა შეემოწმებინათ რა პროგრესს მიაღწია საქართველოს ხელისუფლებამ წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიზნებისა და დასახული ამოცანების შესრულების გზაზე. შეფასების პროცესში ჩატარდა როგორც კვლევა, ასევე გაიმართა შეხვედრები სასჯელაღსრულების სამინიტროს, ომბუდსმენის ოფისისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ასევე სასჯელაღსრულების 9 დაწესებულებაში განხორციელდა ადგილზე შეფასება.

2014-17 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ანგარიშის პრეზენტაციას ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ანა ზეცი და სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა დაესწრნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი