სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა
“მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი”, – მემორიალური დაფა ზურაბ ჟვანიას ფრაზით, დღეიდან სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობის წინ განთავსდა.
ვარსკვლავი, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ეძღვნება, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
ვარსკვლავის გახსნას ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ბელგიის სამეფოს საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, სტრასბურგის მერიის წარმომადგენლები და საქართველოს მეგობრები ესწრებოდნენ. ცერემონიაზე ევროპის ჰიმნი შეასრულა ანსამბლმა “რუსთავმა”.