„ევროპულმა საქართველომ” ზუგდიდში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე შეკრებილ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ლელა ქებურიამ გააცნო.
მერობის კანდიდატის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში მძიმე სოციალური ფონის დაძლევას და სამუშაო ადგილების შექმნას პირდება მოსახლეობას.
„კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნა და გადასახადების 10 %-ით დაწევა ჩვენს ქალაქს და მუნიციპალიტეტს უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის. ოთხი წლის განმავლობაში 3 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა სრულიად რეალურია. აუცილებელია, რომ არსებული სოციალური ფონი დავძლიოთ და სამუშაო ადგილების შექმნით ადამიანებმა ღირსეულად შეძლონ საკუთარი ოჯახების რჩენა“, – განაცხადა ქებურიამ.
მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა ასევე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ და აღნიშნა, რომ ისინი მოსახლეობას სთავაზობენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გაუგებარი ხარჯების ნაცვლად, სოციალური დახმარების 70, პენსიის კი 25 ლარით გაზრდას. მისივე თქმით, ზუგდიდს აქვს შესაძლებლობა დაირღვეს სტერეოტიპი, რომ მაღალ არჩევით თანამდებობაზე საქართველოში არ ირჩევენ ქალებს.
„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციამ 17 ოქტომბერს საპროტესტო აქცია-მსვლელობაც დაანონსა. მთავარი მოთხოვნა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლვითი ღონისძიებების ჩატარება და მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია იქნება.