საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, “გამოძიებით დადგინდა, რომ სამ შემთხვევაში დანაშაულში მხილებული პირები საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან მალულად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ, ხოლო ერთ შემთხვევაში ბრალდებული საბაჟო გამშვებ პუნქტ „ვალეს“ გავლით, მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა.
“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ჯამში 11,2 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 670 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით”, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.