პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
პარტიის ინფორმაციით, მერობის კანდიდატმა მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამა ამჯერად, მალთაყვის უბნის ამომრჩევლს გააცნო და მათ მაჟორიტარობის კანდიდატები – ზვიად დგებუაძე და ბექა ვაჭარაძე წარუდგინა.
გოჩა კურდღელიამ ადგილობრივების საჭიროებებზე ინფორმაცია თავად მიიღო და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.
„ჩვენ თქვენთან მოვდივართ კონკრეტული გეგმებით და არა დაპირებებით. დამტკიცებული გავქვს ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელშიც პუნქტობრივად გაწერილია ის პროექტები, რომელსაც განვახორციელებთ. ფოთი ბევრად წარმატებული მუნიციპალიტეტი იქნება ვიდრე დღეს არის. ჩვენ დავასრულებთ ფოთისთვის უმნიშვნელოვანეს პოექტებს, ქალაქს ექნება წყალარინების ქსელი და ეს პრობლემა აღარ იარსებებს”, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანისთანავე, შიდა გზების სრული რეაბილიტაცია დაიწყება, განხორციელდება კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია, გასართობი და დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. ასევე, გაგრძელდება ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა და ზღვის სანაპირო ზოლის გამაგრება.
„გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წელს, ფოთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი აშენდება“, – აღნიშნა გოჩა კურდღელიამ.
მისივე თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ფოთის განაშენიანების რეგულირების გეგმის შესახებ მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის სივრცით მოწყობასა და ფოთის ურბანულ განახლებას შეუწყობს ხელს.