ფოთის მკვიდრი იური გობეჩია გალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიის ციხეებში მყოფი ქართველი პატიმრების გათავისუფლების საკითხი განიხილეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ განმარტა, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მიმდინარე წლის მარტში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ფოთის მკვიდრი იური გობეჩია გათავისუფლებულია, თუმცა ამ დროისთვის ოკუპირებულ რეგიონში რჩება.

ქემოკლიძის ინფორმაციით, უკანონო პატიმრობაში რჩებიან იგივე ბრალდებით ენგურის ხიდთან თებერვალსა და მარტში დაკავებული ზუგდიდის მცხოვრებლები, მალხაზ წურწუმია და გიორგი ზარანდია.

ამასთან, დღევანდელ შეხვედრაზე ოფიციალურმა თბილისმა კვლავ მოითხოვა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება, თუმცა ქემოკლიძის ინფორმაციით, ამ მიმართულებით მოცემულობა არ შეცვლილა და მისი დაკავების პოლიტიკური მზაობა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლოების მხრიდან კვლავ არ არის.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა 25 აპრილისთვის ჩაინიშნა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი