სიტყვები აღარ კმარა, ქართველი ხალხი არ შეიძლება იყოს მარტო ამ ბრძოლაში, დადექით მათ გვერდით ახლა, სანამ გვიანი არაა – გახარია აშშ-ს

“გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მეგობრებს მიმართავს. ის მათ ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ხალხი მოქმედებას ითხოვს, რადგან სიტყვები აღარ კმარა.

„საქართველოს მეგობრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში: ქართველი ხალხი ქუჩაშია და ივანიშვილის რეჟიმის სასტიკ ძალადობას უძლებს. ნაცემი, თუმცა ვერ გაჩუმებულნი და მარტოდ დარჩენილები, მათი ეს სიმამაცე ასახავს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის შეუპოვარ გადაწყვეტილებას. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მათი ბრძოლა – ეს არის ბრძოლა სამართლიანობისთვის, დემოკრატიისთვის ავტოკრატიის წინააღმდეგ. ქართველი ხალხი ისმენს თქვენს მხარდაჭერას, მაგრამ ითხოვს მოქმედებას – სიტყვები აღარ კმარა. ქართველი ხალხი არ შეიძლება იყოს მარტო ამ ბრძოლაში. დადექით მათ გვერდით ახლა, სანამ გვიანი არ არის! სანახევრო ზომები სახიფათოდ არასაკმარისია. ნუ დააკანონებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სასწრაფოდ შემოიღეთ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები და ამ ქმედებებით, მხარი დაუჭირეთ ქუჩაში მყოფ ხალხს, რათა მივაღწიოთ არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნას – რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში მთავარ ინსტიტუციებში ხელმძღვანელობის სრული ცვლილებით! მათ შორისაა: ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს), სახალხო დამცველის აპარატი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური“,-აღნიშნულია გახარიას მიმართვაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი