ზეწოლასთან დაკავშირებით საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას საგარეო უწყება ეხმაურება:
“გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში. სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა.
მოგეხსენებათ, საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც მოითხოვს საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას,” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა. როგორც კატუკია გავრცელებულ წერილში წერს, საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე გახდა, რას მისივე შეფასებით, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს. მისივე თქმით, გადადგომის თაობაზე მის გადაწყვეტილებას წინ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა უძღოდა.