საქართველო აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაიკეტა. აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეს დილიდან დაიკეტა ორსანტია-ოტობაიას და ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გადასასვლელები. ადგილობრივის განმარტებით, ორივე ე.წ. გამშვები პუნქტის შემთხვევაში დღეს დღის ბოლომდე გადასვლა ცალმხრივადაა შესაზლებელი მათთვის, ვინც ე.წ. განკარგულებამდე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო დარჩენილი. ხვალიდან კი ორივე ორმრხივად დაიკეტება.
‘’მე პატარა ჯიხური მაქვს, რომელიც დაიკეტება, თუმცა აქ მხოლოდ ჩემზე არ არის საუბარი. მთლიანად სოფელს შეექმნება პრობლემა. აღარ იმოძრავებენ ტაქსები, ასევე სამარშრუტო ტაქსები. აღარ იქნება მიმოსვლა და აფხაზეთში დარჩენილ მოსახლეობას მოუწევს საკმაოდ დიდი მანძილის გავლა იმისთვის, რომ ენგურის ხიდიდან აქეთ გადმოვიდნენ.’’ – განაცხადა დოდო თორიამ.
დღეიდან აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს მხოლოდ ენგურის ხიდის მეშვეობით შეეძლებათ ზუგდიდის მიმართულებით გადმოსვლა, რაც ადგილობრივების თქმით, ზედმეტ დროსთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული.