საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ახალი მინისტრის, ალექსანდრე წულაძის წარდგენისას, მის კვალიფიკაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ალექსანდრე წულაძე წლების განმავლობაში ეწეოდა როგორც კერძო იურიდიულ, ასევე სამეცნიერო საქმიანობას, ბოლო წლებში კი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საჯარო სამსახურებში, მათ შორის, ეჭირა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიც.
“ბატონი ალექსანდრე განათლებით იურისტი გახლავთ. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ასევე, მას აქვს დამთავრებული მაგისტრატურა რომის “ლა საპიენცას” უნივერსიტეტში, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი. წლების მანძილზე ის წარმატებულ აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, სხვადასხვა კერძო უნივერსიტეტებში. მათ შორის, იყო მკვლევარი კოლუმბიის უნივერსიტეტში, მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტში, ჰამბურგში, გერმანიაში. ის სხვადასხვა წლებში ეწეოდა აქტიურ პროფესიულ საქმიანობას, მათ შორის, იყო წარმატებული ადვოკატი კერძო სექტორში.
გარდა ამისა, ის ეწეოდა აქტიურ საქმიანობას საჯარო სამსახურში სხვადასხვა მიმართულებით – იყო იუსტიციის სამინისტროს საჯარო მოსამსახურე, წლების მანძილზე საქმიანობდა სასამართლო ხელისუფლებაში, იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე – არჩეულ იქნა ამ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტის მიერ და უკანასკნელი წლების განმავლობაში, ის საქმიანობას აგრძელებდა სწორედ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა. მოხარული ვარ, რომ ის დღეიდან გააგრძელებს საქმიანობას მინისტრის პოზიციაზე. ბატონი ალექსანდრე არის ძალიან კვალიფიციური, ერუდირებული და გამოცდილი ადამიანი, შესაბამისად, მე და მთლიანად, გუნდმა მივიჩნიეთ, რომ ის იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი ამ თანამდებობისათვის. მინდა, წარმატებები ვუსურვო ბატონ ალექსანდრეს,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.