ზუგდიდის რაიონული სასამართლო ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარს განიხილავს. ოპოზიციური პარტია განმუხურის 38-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას და ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვს. სხდომაზე უკვე დაკითხეს 38-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზანდა ხუფენია და კომისიის სხვა წევრები.
საუბნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ უბანი ხმების დათვლის დროს იმიტომ დატოვა, რომ ვითარება უკონტროლო გახდა.
„ვეღარ ვაკონტროლებდი სიტაუციას და დავტოვე უბანი, მოგვიანებით დავბრუნდი საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად და გავაკეთეთ, რაც იყო გასაკეთებელი. რომ დავტოვე უბანი, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა იყო 69, რომ დავბრუნდი 30-ზე ოდნავ მეტი. დალუქული მქონდა ბათილი ბიულეტენები, კონვერტში ჩადების შემდეგ მაგიდაზე კიდევ ჩნდებოდა ახალი ბათილი ბიულეტენები და შეუძლებელი გახდა საბოლოო ბალანსის დადგენა… მე ყველაფერზე ვაგებ პასუხს რაც გავაკეთე და მირჩევნია დავისაჯო სწორი ქმედებისთვის, ვიდრე არასწორი ქმედებისთვის ვიღაცამ დამაჯილდოვოს“, – განაცხადა ზანდა ხუფენიამ.
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე განმუხურის საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ხმების დათვლის დროს უბანი დატოვა და მოგვიანებით საოლქო კომისიის თამჯდომარესთან ერთად დაბრუნდა. მანამდე უბანს სამართალდამცველები იცავდნენ. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ 38-ე უბნის ხმები ბათილად ცნო.