განმუხურში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა დაიწყო

განმუხურში, 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, ფონდ ,,ქართუს” დაფინანსებით, ბოტანიკური ბაღი გაშენდება, თანაინვესტირების ფონდი კი 60 მილიონი დოლარის ღირებულების 5 – ვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებს. პროექტების პრეზენტაცია დღეს განმუხურში გაიმართა. ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა პროექტების მნიშვნელობა შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ორივე პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადს და მეტ შემოსავალს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი ნათლად აჩვენებს ქართველის ხალხის მზაობას – გავუზიაროთ წარმატება გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას და გახადოს აფხაზი ძმები საქართველოს განვითარების მონაწილე და თანაზიარი.

“აქედან, განმუხურიდან კიდევ ერთხელ ვაჟღერებ ჩვენს გზავნილს ჩვენი აფხაზი ძმებისადმი – ყველა წარმატება და სიკეთე თქვენიცაა და ჩვენ გვჯერა, რომ დადგება დრო და მოვახერხებთ ნდობის აღდგენას, შერიგებას. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ამ მხარის აღორძინება არა მარტო ამ რეგიონის განვითარებას, არამედ მთელი საქართველოს წინსვლას შეუწყობს ხელს,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორის შალვა სიხარულიძის განცხადებით, ბაღის კონცეფცია მიზნად ისახავს კოლხური ჯიშებისა და სახეობების კონსერვაციას და შემდგომ პოპულარიზაციას. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიები, რომლებიც საშუალებას მისცემს მეცნიერებს, ჩაატარონ კვლევები და ითანამშრომლონ საერთაშორისო ბოტანიკურ ასოციაციებთან. ბაღის ტერიტორიაზე აშენდება ორანჟერიები, სასათბურე-სანერგე მეურნეობები და მოეწყობა ექსპოზიციები, დამახასიათებელი სხვადასხვა მიკროგარემოს კლიმატისთვის. მისივე თმით, ბოტანიკურ ბაღში იფუნქციონირებს შემეცნებით-საგანმანათლებლო სკოლა ახალგაზრდებისათვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, უკეთ გაეცნონ და შეისწავლონ ენდემური და იშვიათი ჯიშის მცენარეები. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის საინვესტიციო მოცულობა, დაახლოებით, 20 მლნ დოლარს შეადგენს.

”საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” ხელმძღვანელის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურის სანაპიროზე მოიცავს 35,000კვ.მეტრს. სასტუმრო იქნება 190 სხვადასხვა ტიპის მაღალი კატეგორიის ოთახისგან დაკომპლექტებული. პროექტით გათვალისწინებული კვების ობიექტები, რესტორნები და კაფეები. მისივე თქმით, სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებულთა რიცხვი 2 წელიწადში გადააჭარბებს 2000 ადამიანს, ხოლო სასტუმროს ოპერირების დროს დასაქმდება 350 ადამიანი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი