”GEM Fest”-ის ადმინისტრაცია ფესტივალისთვის ტერიტორიის იჯარით გადაცემის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM Fest-ის ადმინისტრაცია ხელისუფლებისგან ფესტივალის ჩასატარებლად პირდაპირი იჯარით სარგებლობის უფლებით, ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონის 9-12 აგვისტოს ჩათვლით გადაცემას ითხოვს და შესაბამის პეტიციას აქვეყნებს, რომელზეც მოქალაქეებს ხელმოწერისკენ მოუწოდებს.

“GEM Fest”-ის საორგანიზაციო ჯგუფი საქართველოს მთავრობისგან არ ითხოვს არაფერს, გარდა ტერიტორიისა, რომელზეც უკვე მეოთხე წელია ტარდება “GEM Fest” და იმისთვის, რომ ფესტივალი სრულფასოვნად წარიმართოს და ახალგაზრდებმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ, ხელისუფალთ, უკვე მეორედ მივმართავთ თხოვნით, რომ პირდაპირი იჯარის უფლებით სარგებლობაში გადმოგვეცეს ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონის მიწის ნაკვეთი (8 ერთეული), სადაც ტრადიციულად იმართება მსოფლიოში პოპულარული  ელექტრონული მუსიკის ფესტივალი “GEM Fest”.

27 მარტს ჩვენ წერილობით მივმართეთ ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ პირდაპირი იჯარის უფლებით სარგებლობაში გადმოეცათ აღნიშნული ტერიტორია, თუმცა წერილი, არც განიხილეს და დაუყოვნებლივ გვაცნობეს, რომ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სხვა ადმინისტრაციული წარმოება, სწორედ ამ მიზეზით, ჩვენს მოთხოვნას ვერ განიხილავდნენ. გავიდა 2 თვეზე მეტი და (ამ დრომდეც), არ დაანონსებულა 9-12 აგვისტოს გასამართი რაიმე სახის ღონისძიება. 4 ივნისს, საორგანიზაციო გუნდმა განმეორებითი მოთხოვნა დააფიქსირა ქონების ეროვნულ სააგენტოში და იმავე დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელისა და ე.წ.“კონტრფესტივალის” (როგორც მას “GEM Fest”-ის აუდიტორია იუმორით მოხსენიებს), ორგანიზატორების მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს მიერ 4 მლნ-ზე მეტი ლარით დაფინანსებული კოლეგა მუსიკალური ფესტივალი, 23-26 აგვისტოს, სწორედ აღნიშნულ ტერირორიაზე უნდა გაიმართოს…

მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, სწორედ რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდა და ანაკლიის საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტად გარდაქმნა გახლავთ, ამდენად მხოლოდ მივესალმებით ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი ალტერნატიული სივრცის შექმნის მცდელობას, კოლეგა ფესტივალის სახით. ასევე გვჯერა, რომ კონსტრუქციული დიალოგის გზით, შევძლებთ მათ საორგანიზაციო გუნდთან მოლაპარაკებას და აღნიშნულ ტერიტორიაზე ფესტივალებისთვის მზადების პროცესი ყველასთვის ხელსაყრელ ფორმატში წარიმართება, მით უფრო რომ კოლეგები აღნიშნულ ღონისძიებას “GEM Fest”-ის დასრულებიდან თითქმის 2 კვირის შემდეგ იწყებენ. ამდენად, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ გამოიჩინოს კეთილგონიერება და გამოხატოს  ნება, რომ მოგვცეს შესაძლებლობა, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ “GEM Fest 2018”-ის შეძენილი ბილეთების (გაყიდულია 2000 ზე მეტი ბილეთი) მფლობელებს და ფესტივალის სხვა სტუმრებს, ვისაც ჯერ არ შეუძენია ბილეთი, მაგრამ გეგმავს 9-12 აგვისტოს ესტუმროს ანაკლიას ჩვენი ფესტივალის ფარგლებში, სრულფასოვნად ვუმასპინძლოთ.

იმედს ვიტოვებთ, რომ პეტიციას, რომელზე ხელის მოწერითაც უახლოესი 1 კვირის განმავლობაში 10 000-ზე მეტი ადამიანი გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებასა და სოლიდარობას  ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნის მიმართ საქართველოს მთავრობა ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს და გონივრულ ვადებში გვაცნობებს პასუხს, გვაქვს თუ არა შესაძლებლობა ტრადიციად ქცეულ საფესტივალო ტერიტორიაზე დავიწყოთ  სამზადისი ”GEM Fest 2018”-ის სრულფასოვნად ჩასატარებლად”, – ნათქვამია ფესტივალის ადმინისტრაციის განცხადებაში.

იმავე ინფორმაციით, “ანაკლია-განმუხურში მცხოვრებმა მოსახლეობამ აბსოლუტურად უსასყიდლოდ უკვე გადასცა საკუთარი, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ”GEM Fest”-ის ორგანიზატორებს, იმ შემთხვევისთვის, თუ საქართველოს მთავრობა არალოგიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, უარს იტყვის აღნიშნული ტერიტორიის 4 დღით იჯარით გადმოცემასთან დაკავშირებით და ურთიერთობა/კომუნიკაციის ფორმატს განსხვავებულ ჭრილში გადასვლისკენ მისცემს ბიძგს”.

“ყველა თქვენგანის ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ “GEM Fest 2018” ჩატარდეს იქ, სადაც 4 წელია ტარდება ფესტივალი, სადაც ჩვენი სტუმრებისთვის ყველა კუთხე უკვე მშობლიურია და სადაც გადის “ხელოვნური” საზღვარი ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან, რომლებიც “GEM Fest”-ზე ყოველწლიურად უფასოდ შემოდიან და ჩვენდა სასიხარულოდ, მათი რიცხვი მუდმივად იზრდება…

გთხოვთ,  მოაწეროთ  ხელი  და  გაავრცელოთ…

თითოეული  ხელმოწერა გადამწყვეტია…

შევხვდებით ანაკლიაში, “GEM Fest 2018”-ზე!”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი