გიორგი კვირიკაშვილი – “რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ 2017 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა.

„გამოწვევებით, მიმდინარე და გაყინული კონფლიქტებით, სახელმწიფოთა და სხვათა მხრიდან აგრესიით აღსავსე დღევანდელ მსოფლიოში არც საქართველოა გამონაკლისი. და აქაც ჩვენი პოლიტიკის ცენტრში ჩვენი მოქალაქეები დავაყენეთ. გაერო-ს წევრებმა კარგად იციან, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, რითაც არღვევს არაერთ საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია, მათ შორის, უშიშროების საბჭოსა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის ათობით რეზოლუციას.
2017 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა. მან გააფორმა ე.წ. „შეთანხმებები ინტეგრაციის შესახებ“ და ხელი მოაწერა „ხელშეკრულებებს“ დე-ფაქტო ხელისუფლებებთან, რათა რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა სისტემებმა შთანთქან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. მოსკოვმა გაააქტიურა საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონის მილიტარიზაცია.

რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა საოკუპაციო ხაზების განმტკიცება მავთულხლართების, სანგრების, ე.წ. სასაზღვრო ნიშნულებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების მეშვეობით. მავთულხლართები კი ზოგიერთის კარ-მიდამოს უბრალოდ შუაზე ჰყოფს.

დაუცველი ჯგუფები, რომლებიც აქამდე, მაგალითად, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ან ბავშვები, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულ მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მისაღებად გადმოდიოდნენ მეორე მხარეს, დღეს ამას ვეღარ ახერხებენ, რადგან ე.წ. გადამკვეთი პუნქტები დაიხურა. ამასობაში კი, რუსეთი აგრძელებს მოძრაობაზე რეაგირებისა და სხვა სახის ტექნოლოგიების გამოყენებას, რათა მოიპოვოს სრული კონტროლი მთლიანად საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე.

საქართველო მტკიცედ ემხრობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. საქართველოს მთავრობა ზედმიწევნით ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს. მან არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების შესახებ დებულების ერთგულება. რუსეთისგან საპასუხო მოქმედებას ადგილი ჯერ არ ჰქონია.

საქართველოს მუდმივი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების მოძიებისკენ, დამოწმებულია არაერთი ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საჭიროა დაჩქარდეს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება, და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მისი გამოსვლა ამერიკელი ხალხისადმი თანადგომის გამოცხადებით დაიწყო, რომელიც ბოლო პერიოდში მომხდარ სტიქიურ უბედურებას უკავშირდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი