„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მომავალი საპარლამენტო გუნდის ახალ წევრებით დაკომპლექტდა. პარტიის 15 ახალ წევრი საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.
თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე პრემიერმა თავიანთი საქმის პროფესიონალებად შეაფასა და აღნიშნა, რომ დღეს ქართულ პოლიტიკას ახალი ენერგია, ახლებური ხედვა სჭირდება.
”დღევანდელი რეალობა ახალ დღის წესრიგს, ახალ მოთხოვნებს გვიყენებს, რომლებსაც ჩვენი პარტია განახლებული გუნდით ხვდება და მზად არის უპასუხოს ყველა გამოწვევას. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, დადებით მუხტს შემოიტანენ არა მარტო ,,ქართულ ოცნებაში“, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში. ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ ჩვენი გუნდის ახალი წევრები, რომლებსაც ზურგს უმაგრებთ კარგი რეპუტაცია და მაღალი პროფესიონალიზმი. მინდა გითხრათ, რომ თითოეული მათგანი მზად არის, საკუთარი ცოდნა და ენერგია ქვეყნის სამსახურს მოახმაროს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პარტიის თავმჯდომარემ, ახალ სახეებს წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის ახალი წევრების წარდგენის ოფიციალური ღონისძიება საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა.