გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. პარტიიდან წასვლის თაობაზე მან განცხადება პარლამენტის შენობაში გააკეთა.
როგორც ვაშაძემ განაცხადა: „ნაციონალური მოძრაობისგან“ ამომრჩეველი ახალ ინიციატივებს ელოდა, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა.
მისი თქმით, პარტია პოზიციების დაინტერესების შეუთავსებლობის გამო დატოვა.
„ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი ღია ორგანიზმისა, ჩვენ მივიღეთ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე თავადაა მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის ინტერესებს. ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები: გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე” – განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძე ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნას გეგმავს. მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეებია საჭირო.