პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან – თორნიკე შონიასთან და ზვიად ბაჟალავასთან ერთად, კუნძულის უბანში, 9 აპრილისა და თამარ მეფის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატი ადგილობრივებს იმ ოთხწლიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა, რომლის სამოქმედო გეგმაც უკვე შემუშავებულია.
„მომდევნო ოთხი წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის უფრო მეტად პროდუქტიული იქნება. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ „ქართული ოცნების“ სახით, გვყავს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს ხალხზე. ფოთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების უზრუნველსაყოფად, ინფრასტრუქტურული პროექტები და მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები განხორციელდება. ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობა“, -განაცხადა გოჩა კურდღელიამ.