გოდერძი ბუკია ხობის მაჟორიტარად კენჭს აღარ იყრის

მმართველი გუნდის ხობის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოიხსნა.

ამის შესახებ თავად ბუკია სოციალურ ქსელში წერს, თუმცა განცხადებაშ გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავზობთ:

“მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს !
საქართველოს პარლამენტის 64-ესაარჩევნო ოლქის ამომრჩევლებს !
ნიშანდობლივია საქართველოს პარლამენტის მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური წინსვლისა და ეკონომიკური აღმავლობის ზრდის თვალსაზრისით.
შეუძლებელია სათანადოდ არ დავაფასო ის პატივი, პასუხისმგებლობა და ნდობა, რასაც მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატად ჩემი წარდგენა ითვალისწინებს. მე, როგორც მმართველი პარტიის მიერ წარდგენილმა მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატმა, უდიდეს ნდობად და პატივად მივიღე ეს წარდგენა. სათანადო პასუხისმგებლობით ვეკიდები ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი.
განსაკუთრებული მადლიერების გრძნობას განვიცდი ჩემი მრავალწლიანი, ერთგული ამომრჩევლებისადმი. თქვენდამი, ჩემო ხობელებო! ახლაც, წარდგენიდან დღემდე ჩატარებული შეხვედრებისას, კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატეთ ჩემდამი ნდობა. მსგავსი განწყობა ვიგრძენი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იმ 7 სოფლის წამომადგენლებისგან, რომლებიც 64-ე ოლქში არიან გაერთიანებულნი.
მიუხედავად ამისა, ჩემი განვლილი ცხოვრებისეული გამოცდილების ანალიზის გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება 64-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი-დეპუტატობიდან მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. გთხოვთ, ჩემს ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდოთ; ეს არ ნიშნავს რომ, ამით ოდნავ მაინც შესუსტდება ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. მზად ვარ, ჩვეული მონდომებით ვემსახურო მშობლიურ რეგიონს, ხობს და საქართველოს. დეპუტატობა ჩემთვის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა და ის, საკუთარი კეთილდღეობისთვის არ გამომიყენებია. ეს იყო საშუალება, მეკეთებინა სასიკეთო საქმეები რეგიონისა და ქვეყნისათვის.
გამოვალ რა პოლიტიკოსის სტატუსის კანონისმიერი ნორმებიდან, დავუბრუნდები პირვანდელ საქმიანობას – ბიზნესს. აღვადგენ ძველს და შევქმნი ახალ ბიზნესურთიერთობებს. სახელისუფლებო ორგანოებთან და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, გაცილებით ენერგიულად და შეზღუდვებისგან თავისუფალი, შევეცდები მეტი მონდომებით ვემსახურო ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. საამისოდ საქართველოს მთავრობის მიერ უკვე ამოქმედებული და სამომავლოდ გაცხადებული პროგრამები აქტიური საქმიანობის საუკეთესო პირობებს ქმნის. უცვლელად ვტოვებ ყველა იმ პროექტების ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რომელიც რეგიონში და უშუალოდ ხობში, ჩემი ინიციატივით ხორციელდება.
პარტიის ხელმძღვანელობამ გაიზიარა ჩემი ეს გადაწყვეტილება. დამარწმუნეს, რომ ამით პარტიისთვის არავითარ უხერხულობას არ ვქმნი. მჯერა „ქართული ოცნება“ ღირსეულ, ახალგაზრდა კანდიდატს შეარჩევს, რომელსაც მთელი ჩემი ადამიანური რესურსებით და პიროვნული შესაძლებლობებით, მაქსიმალური ძალისხმევით გვერდით დავუდგები.
ძვირფასო ამომრჩევლებო ! ვიმედოვნებ, ახალ კანდიდატს თქვენთვის საკადრისი მხარდაჭერით ავირჩევთ 64-ე საარჩევნო უბნიდან საქართველოს პარლამენტში, როგორც მმართველი პარტიის საუკეთესო წარმომადგენელს.
პატივისცემით, გოდერძი ბუკია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ბუკიას მაჟორიტარობის კანდიდატად ხობში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი