საფეხბურთო კლუბ ზუგდიდში ახალი უკრაინელი ინვესტორი მოდის, რომელსაც საქართველოში, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი დემეტრაძე დაეხმარება.
დემეტრაძე კლუბის ფეხბურთელებს შეხვდა და მათთან ისაუბრა კიდეც. თუ რა პოსტს დაიკავებს გუნდში, ამაზე გიორგი დემეტრაძემ სპორტულ ინტერნეტგამოცემა “Goal.ge”-სთან ისაუბრა.
როგორც ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ის ჯერ-ჯერობით მხოლოდ ეხმარება უკრაინელ ინვესტორს, ხოლო მას შემდეგ, რაც ინვესტორი კლუბს გადაიფორმებს, პოსტსაც შესთავაზებენ მას, თუმცა, დემეტრაძეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, დათანხმდება თუ არა უკრაინელების შეთავაზებას.
“პრეცენდენტია, რომ უცხოელი ინვესტორი ქართულ ფეხბურთში ფულს დებს. ეს იქნება მაგალითი, ის წავა და იტყვის, რომ კარგი გარემოა და სხვებიც მიბაძავენ მას. ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ვეხმარები, უცხოელები არიან და აქ ადგილზე სჭირდებათ ადამიანი, ვინც მათ დაეხმარება. მთავარია, წელს, “ზუგდიდი” დარჩეს და თუ დარჩება, გპირდებით, რომ მომვალ წელს სამეულში იქნება. რაც შეეხება ფეხბურთელების გაშვებას, ეს უკვე მწვრთნელის და სამწვრთნელო შტაბის გადასაწყვეტია. რომც მინდოდეს ჩარევა, არ მივცემ ამის უფლებას ჩემს თავს, მათ საქმიანობაში ჩავერიო. ჯერ ერთი, ეს მიუღებელია, ყოფილი ფეხბურთელი ვარ მეც. ფეხბურთელებს, რაც ერგებათ, იმას ყველაფერს გაუსტუმრებენ. პირველი, ამის მომხრე მე ვიქნები და აქ მოტყუებული არავინ დარჩება”, – განაცხადა გიორგი დემეტრაძემ.
“ზუგდიდში” ახალი ინვესტორი უკრაინიდან არის, რომელიც, უახლოეს დღეებში კლუბის აქციების 51%-ის მფლობელი გახდება.
goal.ge