სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მარტვილის და სენაკის მუნიციპალიტეტებში გაეცნენ.
წყალდიდობის შედეგად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში 50 მეტრიანი ხიდი დაზიანდა. საავტომობილო ხიდი რომელიც ახუთს ჩხოროწყუსთან აკავშირებს ავარიულია და მასზე მოძრაობა აიკრძალა. კახა გულედანის განცხადებით, ხიდი იმდენად ავარიულია, რომ რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და მის ნაცვლად ახალი ხიდი აშენდება.
გუბერნატორმა და მინისტრის მოადგილემ მარტვილის მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზები დაათვალიერეს. მარტვილი რამდენიმე სოფელში წყლდიდობამ და მეწყერმა შიდა გზები დააზიანეს.
ლევან შონია და კახა გულედანი დღესვე სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში იმყოფებოდნენ, სადაც მდინარე რიონის შენაკადი დამბიდან გადმოვიდა. წყალმა რამდენიმე ადგილას გაბიონიდან გამოჟონა, თუმცა მძიმე ტექნიკისა და გამგეობის შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად სიტუაცია დარეგულირდა. არსებული ვითარების გაცნობის შემდეგ კახა გულედანმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ამ ადგილზე გაბიონები მოეწყობა და დატბორვის საშიშროება მოსახლეობას აღარ ექნება.
შეგახსენეთ, რომ რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა სამეგრელოს რეგიონი დააზარალა. დაიტბორა ადგილობრივების კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. სტიქიის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტში 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ საგანგებო შტაბები და ზარალის დამთვლელი კომისიები.