სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ზუგდიდში წყლის სისტემის და სათაო ნაგებობის მშენებლობის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მშენებელი კომპანია ,,AS INSAAT-N”-ის აღმასრულებელი დირექტორისგან და პროექტის მენეჯერისგან მიიღო.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დასრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.
პროექტის ფარგლებში შენდება წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი, სატუმბი სადგური და რეზერვუარები, ასევე – წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი.
ზუგდიდის წყალმომარაგების პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 84 970 765 ლარია და მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. სამუშაოები, რომელზეც 150 ადამიანია დასაქმებული, 2018 წელს დასრულდება.