ჰოლივუდის პროდიუსერები ანაკლიაში, ზუგდიდსა და მესტიაში იმყოფებოდნენ

პროგრამის – “გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები ზუგდიდში, ანაკლიასა და მესტიაში იმყოფებოდნენ. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში მათ სულ საქართველოს 10 ლოკაცია დაათვალიერეს. ისინი საქართველოს კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად სტუმრობდნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში ქართველ კინომწარმოებლებსა და სხვადასხვა ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ უცხოელ კოლეგებს შეხვედროდნენ და მათი გამოცდილება გაეზიარებინათ, ასევე მათთვის გაეცნოთ ქართული კინოს შესაძლებლობები და არსებული ინფრასტრუქტურა.

ლოკაციის მენეჯერები საქართველოთი მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ქართულმა მხარემ აშშ-ში, ლოს-ანჯელესში გამართულ მსოფლიო დონის ლოკაციების შოუზე, ახალი კინოწარმოების წახალისების პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოლივუდელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები ისეთ ფილმებზე მუშაობდნენ, როგორებიცაა : “Transformers”, “Captain America”, “The Town”, “The Hangover”, „Sicario”, “Mission:Impossible”.

პროგრამა “გადაიღე საქართველოში“ უკვე შემოსულია 3 განაცხადი, რომლის შედეგადაც საქართველოში ჯამურად 5 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინდური ფილმისა და ქართულ-გერმანული პროექტების გადაღებები, ასევე დაგეგმილია ამერიკული პროექტის განხორციელება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი