იაკობ გოგებაშვილის საფლავი დაზიანდა, ცხედრის ნაწილები კი გაიბნა – ფაილები

სუს-ის მასალებიდან ცნობილი ხდება, რომ თბილისის მერიის მიერ მთაწმინდის პანთეონში ჩატარდა სადრენაჟო სამუშაოები, რა დროსაც დაზიანდა იაკობ გოგებაშვილის საფლავი, მისი ცხედრის ნაწილები კი გაიბნა.

აღნიშნული ფაილი 2019 წლის 24 აპრილით თარიღდება.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ ალავერდელ მიტროპოლიტ დავით მახარაძეს აცნობა, რომ ქ.თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური, მთაწმინდის პანთეონში აწარმოებდა სადრენაჟო სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანებულ იქნა იაკობ გოგებაშვილის საფლავი, რასაც მოჰყვა ცხედრის ნაწილების გაბნევა. ნ.ანთაძის თქმით, იმისთვის, რომ მომხდარი არ გახდეს ცნობილი მედიისთვის და საზოგადოების ფართო მასებისთვის, აუცილებელია დაუყოვნებლივ გატარდეს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.

13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. 

ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

წყარო: ფორმულა

კომენტარები

დატოვე კომენტარი