ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან და განვიხილოთ საკითხი, ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ქვეყანას კრიზისიდან მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი არჩევნები გამოიყვანს.
“დღესაც ჩვენ ერთგულები ვართ იმ მართლაც გარდაუვალი გასატარებელი ცვლილებების. ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს მხოლოდ და მხოლოდ ახალი ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს. ამიტომ ჩვენ ახლა იმედს ვიტოვებთ, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ჩვენი ფასილიტატორების თანდასწრებით, რათა განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არ არის, არ იყო და არასდროს იქნება ძალადობა, ვიღაცის დაჩაგვრა, იმიტომ რომ მართლები ვართ. ჩვენ რომ მართლები ვართ, ვიღაც კი არ უნდა დავჩაგროთ, ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს და ქვეყანა მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებით განვითარდება. გავრცელებული განცხადებები ცხადყოფს, რომ ხალხს აქვს ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა”, – განაცხადა მელიამ.