ზუგდიდის ტექნოპარკში ინოვაციების დღეები დაიწყო, რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო USAID-ის პროექტ ZRDA-სთან, (G4G) „მმართველობა განვითარებისთვის“ და „ელვასთან“ ერთად მართავს.
შეხვედრის პირველ დღეს, ინოვაციების სააგენტომ სტარტაპებსა და პოტენციურ სტარტაპებს გააცნო სახელმწიფოს ხედვა ინოვაციების განვითარების კუთხით. წარუდგინა საკუთარი პროგრამები, პროექტები და სერვისები. წარმატებულ სტარტაპებმა და მეწარმეებმა ჩაატარეს ტრენინგი და თავიანთი გამოცდილება დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.
ორდღიან ღონისძიებაში ინოვაციების სააგენტოსთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელწმიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, სს „საპარტნიორო ფონდი“ და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი“ მონაწილეობს.
ღონისძიების დასასრულს ინოვაციების სააგენტო ათივე მუნიციპალიტეტთან მემორანდუმს გააფორმებს. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდებიან სამომავლო თანამშრომლობაზე და რეგიონში ინოვაციების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებაზე.
ინოვაციების დღეების დასკვნითი ეტაპი 12 მარტს გაიმართება. USAID G4G-ის ფარგლებში, „ელვა“ „ჯეოლაბის“ დახმარებით კრეატიული დღეების მარათონს (მეიქათონი) გამართავს, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ იმუშაონ ტექნოლოგიური პროექტების იდეებზე და კონცეფციაზე.
ინოვაციების დღეები პირველად 2016 წლის ნოემბერში ჩატარდა. ღონისძიების მიზანია ქვეყანაში საერთო სამეწარმეო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა დამწყები მეწარმეების წახალისება ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის.