აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელაის, რობერტ კიუტის თქმით, ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ.
„ის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. ეს ფაქტი, ალბათ, ყველამ იცის. მან ეროვნული დროშა დაწვა, რისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 9 წლის ვადით დაეკისრა. ჯამში 4 წელი და 6 თვე უნდა იჯდეს. 30 მარტს მას წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის ვადა ეწურება. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით გავათავისუფლოთ იგი. არავინ გეგმავს ამ ადამიანის ნაადრევად გაშვებას. ეს ყველაფერი ხდება იმ მუხლებისა და იმ პირობების შესაბამისად, რაც მას სასამართლომ დაუნიშნა“, – აღნიშნა კიუტმა.
ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა სამი მუხლი: „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფა, სხვისი ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება, რასაც გაუფრთხილებლობით, შესაძლოა, ადამიანის სიკვდილი ან მძიმე შედეგები მოჰყვეს, და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა“.
ირაკლი ბებუას გალის ე.წ. საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ფულადი ჯარიმა დააკისრა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კოლონიები არ არის, მხოლოდ წინასწარი პატიმრობის დაწესებულებებია. ამის გამო ე.წ. კანონის მიხედვით, ერთი წელი პატიმრობა ორ წელს უტოლდება.