ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა

მთავარი პროკურორი  გადადგა – ირაკლი შოთაძემ თანამდებობა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენის შემდეგ დატოვა. შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.

მთავარი პროკურორის გადადგომას, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა ითხოვდა. ის მხარდამჭერებთან ერთად დილიდან, მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.  გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი მიმდინარე წლის, 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე  კი ექიმების მცდელობისა  მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი