ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

განცხადების თანახმად, საჰაერო თავდასხმის სირენები ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში ისმის.

მედიასაშუალების თანახმად, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მათი ჩამოგდების ვიდეოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

აშშ-ის თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებმა “განიხილეს აშშ-ის მზადებების სტატუსი, რათა დაეხმარონ ისრაელს ამ თავდასხმებისგან დაცვაში და რეგიონში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები დაიცვან.”

თავის მხრივ, ისრაელი აცხადებს, რომ ირანის ამ თავდასხმას შედეგები მოყვება.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელზე ირანის თავდასხმას „შედეგები მოჰყვება“.

„უფრო ფხიზლად ვართ თავდაცვაში და თავდასხმაში, დავიცავთ ისრაელის მოქალაქეებს. ამ [სარაკეტო] თავდასხმას შედეგები მოყვება. გვაქვს გეგმები და ვიმოქმედებთ იმ დროსა და ადგილში, რომელსაც ჩვენ შევარჩევთ“, – განაცხადა ჰაგარიმ.

მან აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ისრაელის მიმართ ირანის მხრიდან დამატებითი საფრთხეები არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სარაკეტო თავდასხმა დასრულდა.

„თავდაცვის დროს საკმაოდ ბევრი [რაკეტა] ჩამოვაგდეთ. რამდენიმე ჩამოვარდა ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში… ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ვახდენთ [თავდასხმის] შეფასებას, მსხვერპლის შესახებ არ ვიცით“, – განაცხადა ჰაგარიმ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი