ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამას დაარტყა

ღამით ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამას დაარტყა. მასშტაბური აფეთქებებია ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში და სამხედრო ბაზებზე, ბირთვულ ობიექტებზე, ბალისტიკური რაკეტების ქარხნებსა და ცენტრებზე სადაც მეცნიერები ატომურ პროგრამაზე მუშაობდნენ.

ინფორმაციას “ცახალი” ადასტურებს, ოპერაცია ხორციელდება კოდური სახელწოდებით “ლომი ერი”. ლიკვიდირებულია ირანის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა – ისლამური რევოლუციური გვარდიის მთავარსარდალი გენერალი ჰოსეინ სალამი და 2 ფიზიკოსი, რომელიც ბირთვულ პროგრამას ხელმძღვანელობდა.

ისრაელის არმიაში ირწმუნებიან, რომ ირანს საკმარისად აქვს გამდიდრებული ურანი, იმისთვის, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში 15 ბირთვული ბომბი შექმნას.

ისრაელის განმარტებით, დარტყმის მიზეზი ირანიდან მომდინარე ბირთვული საფრთხეა. ოფიციალური თელ-ავივის განმარტებით, დარტყმები ერთი ტალღით არ შემოიფარგლება და ეტაპობრივად განხორციელდება.

პარალელურად, ისრაელში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა: შეჩერებულია სასწავლო პროცესი, ყველა საწარმოს მუშაობა, გარდა სიცოცხლისთვის აუცილებელი ობიექტებისა. დაიხურა ქვეყნის საჰაერო სივრცე.

განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა – “ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა”, – წერს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.

წყარო: რ2

კომენტარები

დატოვე კომენტარი