“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ჯაფარიძეს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან არ გადაიხადა. აღნიშნულის გამო ის 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.