ჟურნალისტი ლელა ფაილოძე მარტვილის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროს მურმან წოწორიას ცემაში ადანაშაულებს.
ფაილოძის მტკიცებით, წოწორიასთან რამდენიმე თვიანი დაპირისპირება ქონდა, დღეს კი ის ფიზიკურად გაუსწორდა.
მისივე თქმით, განცხადება პოლიციაში თავად წოწორიამ შეიტანა მის წინააღმდეგ. ორივე მხარე დაკითხულია, ლელა ფაილოძე კი ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ჟურნალისტს დაზიანებები სახის და ყელის არეში აღენიშნება.
“13 წელი ვმუშაობდი რეგიონულ ტელევიზიაში, თუმცა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ტელევიზია ფაქტობრივად მოსპეს, რის გამოც უმუშევარი დავრჩი. რამდენიმე თვის წინ მურმან წოწორიასთან ერთად ვუშვებდით ჟურნალს „მარტვილი და მარტვილელები“. ჟურნალის გამოშვების შემდეგ კუთვნილი ანაზღაურება არ მომცეს, რასაც მაისიდან სექტემბრამდე უშედეგოდ ვითხოვდი. წოწორიას ვთხოვე, რომ სხვა სამსახური მაინც მოეცა ჩემთვის. დაპირების მიუხედავად არაფერში ხელი არ შემიწყო. შემდეგ კულუარულად გავიგე, რომ თურმე ამ მიმართულებით 2000 დოლარიან ქრთამს იღებდა, რისი საშუალებაც მე არ მქონდა. ერთი თვის წინ, როდესაც აღარ მქონდა იმედი, რომ ანაზღაურებას მომცემდნენ, დემონსტრაციულად გადავედი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სამუშაოდ ჟურნალისტად და ჩემს ბლოგზე ვაშუქებდი მიმდინარე მოვლენებს. ამასთან, მე გამოვუქვეყნე წოწორიას თავისივე ლექსი, რომელიც მან 2012 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა და ამ ლექსში ის ყოფილ პრემიერს აძაგებდა. ამის შემდეგ უკვე დაიწყო მუქარები ჩემს მიმართ. დღეს ქუჩაში მივდიოდი, წოწორიამ თავისი ავტომობილით ჩამიარა და ხელების კომბინაციით შემაგინა. მივედი და ვკითხე, რატომ მაგინებდა და რა უნდოდა ჩემგან, ის კი ყელში მწვდა და ფიზიკურად გამისწორდა. შემდეგ კი პოლიციაში თავად მივიდა და განცხადება შეიტანა ჩემს წინააღმდეგ. მას აქვს იმედი, რადგან მისი სიძე რობერტ აბრახამია არის მარტვილის სუსის უფროსი. მე კი ვიმედოვნებ, რომ გამოძიება ობიექტურად და სწრაფად ჩატარდება“, – განაცხადა ფაილოძემ.
კომენტარისთვის “Newsportal.ge” ბრალდების ადრესატს დაუკავშრდა. კამერებთან ინტერვიუზე წოწორიამ უარი განაცხადა, სატელეფონო საუბრისას კი აღნიშნა, რომ დამნაშავე ფაილოძეა და დაზარალებული თავადაა.