რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას კახაბერ გულედანი დაიკავებს

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას კახაბერ გულედანი დაიკავებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

რეგიონული განვითარების მინისტრად გრიგოლ ლილუაშვილი იყო დასახელებული, თუმცა, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კონსულტაციების დროს გაირკვა, რომ სამინისტროს მუშაობაზე განსხვავებული მიდგომები არსებობდა.

„რამდენიმე დღის წინ, საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შექმნის შესახებ. გარდა ამისა, განვაცხადეთ, რომ აღნიშნულ თანამდებობას ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა. გასული დღეების განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ ჰქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის, სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. ამ გადაწყვეტილებამდე მივედით ჩვენ ერთობლივად.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნება კახაბერ გულედანი. მას აქვს მართვის და რეგიონულ საკითხებზე მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება. წლების განმავლობაში ის მუშაობდა ჯერ კერძო სექტორში, 2016-2017 წლებში იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. მოგვიანებით, იყო სამგორის რაიონის გამგებელი, ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი. კახა გულედანი დღემდე იკავებდა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას. მინდა, წარმატებები ვუსურვო კახა გულედანს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი