გზის გადაკეტვის მცდელობები გარედან არის დაფინანსებული – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მხრიდან გზის გადაკეტვის მცდელობები ქვეყნის გარედან არის დაფინანსებული და წახალისებული.

როგორც დედაქალაქის მერმა დღეს ჟურნალისტების შეკითხვებზე საპასუხოდ აღნიშნა, მთავარია ის, რომ კანონის წინააღმდეგ ვინც წავა, შესაბამის პასუხს მიიღებს.

„ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის. ჩვეულებრივად, დავალებას ასრულებენ, ფულს იღებენ ამაში. თქვენ იცით, რომ გარედან ხდება ამ ყველაფრის დაფინანსება, მითითებების მიცემა, როგორ უნდა იმოქმედონ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ვინც წავა კანონის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. კანონი გამკაცრებულია – დამრღვევი პირველ ჯერზე იხდის ჯარიმას და რამდენიმე დღიანი სასჯელია, ხოლო განმეორებით იმავე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, მაგალითად, თუ გადაკეტავს გზას, ეს კანონით განსაზღვრული სისხლის სამართლის დანაშაულია და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი