საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური დამოკიდებულება, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს.

„ჩვენ გვინდა მეგობრობა. ეს არაერთხელ პრინციპულად დაგვიფიქსირებია და მინდა, კვლავაც ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები, მოხდეს გადატვირთვა, რასაც ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-თან ურთიერთობა. ის დამოკიდებულება, რაც იყო, არავისთვისაა მისაღები – არც ჩვენთვის და, დარწმუნებული ვარ, არც მათთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა, როგორ დიდ სახელმწიფოზეც არ უნდა იყოს საუბარი.

„არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო ვინმეს უკანა ეზო იყოს, როგორი დიდი ქვეყანაც არ უნდა იყოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს. ეს უნდა შევინარჩუნოთ, განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ. ჩვენ არ დავთმობთ ქვეყნის ინტერესს, შევინარჩუნებთ მშვიდობას. გრძელვადიანი მშვიდობა დღეს საქართველოს სჭირდება ისე, როგორც არასდროს. როგორც ევროპასთან, ისე აშშ-თან გვინდა მეგობრობა და თანამშრომლობა და არა – ბატონყმური დამოკიდებულება. ამას ვერ და არ დავუშვებთ, ეს არ არის სწორი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი