სასამართლომ ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით და გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა 26 წლის ბექა ჯაიანი ცნო დამნაშავედ და უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია როგორც კვალიფიკაციის ნაწილში, ასევე სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. მოსამართლე დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ კესარია აბრამიძეზე ბექა ჯაიანი სისტემატურად ძალადობდა, მკვლელობა კი განსაკუთრებული სისასტიკით და გენდერის ნიშნით ჩაიდინა. მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებამდე წაიკითხა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ბექა ჯაიანის გამოგზავნილი წერილი, სადაც ჯაიანი აღნიშნავდა, რომ ინანიებს დანაშაულს და საბოლოო სიტყვას სასამართლოში ვერ იტყვის, რადგან ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაშია.

ჯაიანის ადვოკატი გიორგი მდინარაძე განაჩენს უკანონოს უწოდებს და განმარტავს, რომ სისტემატური ძალადობა ჯაიანის მხრიდან არ ყოფილა, დანაშაული მას გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით არ ჩაუდენია. მისივე განმარტებით, ჯაიანმა მკვლელობის ნაწილში დანაშაული აღიარა, მტკიცებულებები უდაო გახადა, მოინანია, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოსამართლეს ეს გარემოებები უნდა გაეთვალისწინებინა და მკვლელობის დამამძიმებელი მუხლით, მაქსიმალური სასჯელი არ უნდა განესაზღვრა. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

ბრალდების მხარე განაჩენს კანონიერს და დასაბუთებულს უწოდებს. პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის განმარტებით, ბრალდების მხარემ მოწმეების ჩვენებები მოიპოვა, ასევე სქრინებიდა სატელეფონო მიმოწერა, რომლითაც სისტემატური ძალადობა უდაოდ დადასტურდა, აბრამიძეს 28 ჭრილობა ჰქონდა დანით მიყენებული, რაც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მთავარი მტკიცებულებაა, გენდერის ნიშნით მკვლელობას კი არაერთი მტკიცებულება ადასტურებს.

აბრამიძის ოჯახის წევრები განაჩენით კმაყოფილები არიან და განმარტავენ, რომ ჯაიანი დანაშაულს არა გულწრფელად, არამედ იმ მიზნით აღიარებდა, რომ სასჯელის შემსუბუქება მომხდარიყო.

წყარო: 1tv

კომენტარები

დატოვე კომენტარი