კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს.

უწყების ცნობით, მკვლელობა კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულს 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ., გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კ.ა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი