ხაბეიშვილი ბოკუჩავამ შეცვალა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” კადრების ცვლილებას ეხმაურება და წერს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივი განახლების და სიმტკიცის ნიმუშია.

„მივესალმები ლევანის გადაწყვეტილებას, რომ მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, რომელიც მას შეერყა პოლიტიკურად მოტივირებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად და ენმ-ის თავმჯდომარის პოზიციიდან გადაინაცვლოს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე.

უმნიშვნელოვანესია, რომ ლევანმა სწრაფად მოახერხოს რეაბილიტაციის გავლა და მისებურად აქტიურად ჩაერთოს გადამწყვეტ ბრძოლაში.

მხარს ვუჭერ თინა ბოკუჩავა ახალ თავმჯდომარედ არჩევას და პარტიის განახლებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური ძალის გასაერთიანებლად. ამოვიდეთ იქიდან, რომ დღეს ასეთია ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდობის დაკვეთა. „ენმ“ გადაეწყობა მთლიანად ამ მიმართულებით ახალი სახეებით, ახალი იდეებით, რაც დაეფუძნება წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობის ტრადიციას და მუდმივი განახლების პროცესს.

დღევანდელი გადაწყვეტილება არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივი განახლების და სიმტკიცის ნიმუში“, – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მას თინა ბოკუჩავა შეცვლის.

კომენტარები

დატოვე კომენტარი