„ქართულ ოცნებას“ კიდევ 5 დეპუტატი ტოვებს და მმართველი გუნდიდან გასული ე.წ. ოთხეულის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას” უერთდება. კერძოდ, ესენი არიან: ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე და დაჩი ბერაია.
შესაბამისად, „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნებიდან” გასვლის მიუხედავად, ე.წ. ოთხეულის მსგავსად, მიქელაძეც, სეფაშვილიც, კაჭარავაც, ჯაფარიძეც და ბერაიაც საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ამასთან, დეპუტატების გარდა, მოძრაობას რამდენიმე ექსპერტი და ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის რამდენი წამყვანი შეუერთდა. „საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ დავაფუძნეთ რამდენიმე პარლამენტარმა, თუმცა მოძრაობის შემადგენლობა მალევე გაფართოვდა და პირველივე ეტაპზე მას შემოუერთდნენ საკრებულოს წევრები სხვადასხვა რაიონიდან. დღეს საზოგადოებას გვინდა წარმოვუდგინოთ მოძრაობის კიდევ უფრო გაფართოებული შემადგენლობა. ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტო შემადგენლობა. კერძოდ, ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება 5 პარლამენტარი – ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. მთლიანობაში ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტში 9 წევრით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ გვეყოლება რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი. გარდა ამისა, მოძრაობას შემოუერთდნენ ექსპერტები – თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი”, – განაცხადა სუბარმა და დასძინა, რომ ვიქტორ ჯაფარიძე ამავდროულად “პოს ტვს” 52%-იანი წილის მფლობელიც გახდა.