ხოშტარია არავის უწამებია, წამება მათი ხელწერა იყო, როცა ხელისუფლებაში იყვნენ – კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ელენე ხოშტარიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ხოშტარიას მხრიდან დაკავების დროს წამებაზე საუბარი არის პოლიტიკური სპეკულაცია.

„ეს ჩვეულებრივი სისულელე და პოლიტიკური სპეკულაციაა. ელენე ხოშტარია არავის არაფერში სჭირდება და არც წამება. წამება იყო მათი ხელწერა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ – აწამებდნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ. ეს იყო რეალური ფაქტები, არსებობს კონკრეტული კადრები, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების წამება. დღეს, ისინი შეიძლება სხვადასხვა სახელით გამოდიან, მაგრამ მაშინ ერთნი იყვნენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ.

ამდენი წელია, ხელისუფლებაში ვართ, არასდროს არავის არავინ უწამებია. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ხელწერა. მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებისა თუ პოლიტიკური შეხედულებისა, ყველასთან გვაქვს ერთი მიდგომა, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ხოშტარია 28 მარტს აქციაზე დააკავეს, დიღმის იზოლატორიდან „დროას“ ლიდერმა წერილი გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ იზოლატორში მის მიმართ ღირსების შემლახავი და ფიზიკური ძალადობის უღირსი, რუსული მეთოდი გამოიყენეს. ამ დროისთვის, ხოშტარია თავისუფალია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი