თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.
„ჩვენ ქვეყნის ევროპული მომავალი და ევროინტეგრაციის გზა პირდაპირ კონსტიტუციაში ჩავწერეთ – ეს “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა.
შესაბამისად, გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, ჩვენ მას თანმიმდევრულად მივყვებით და ვასრულებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის ღირსეული წევრი გავხდეთ.
ამ გზაზე ხდება შანტაჟი. მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მოცემა-არ მოცემით, მაშინ როდესაც ყველა კრიტერიუმით და მათივე შეფასებებით საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და გვექცევიან უსამართლოდ. ეს ძალიან მძიმეა – ძალიან დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროპულ მომავალს და ზოგადად, იმ ბიუროკრატებს, რომლებიც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ და ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ.
შემდეგ იყო მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნის საკითხი – შეუძლებელი და წარმოუდგენელია, ყოველთვის რაღაც ახალი მექანიზმების მოგონება, რათა ეს ყველაფერი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყოს გამოყენებული“, – განაცხადა კალაძემ.