ოჯახი 7 წლის ბავშვის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს. ბავშვი, თბილისში, მანაგაძის კლინიკაში გარდაიცვალა. უკვე ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა, ცხედარი კი სამეგრელოში გადაასავენეს. უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, საოპერაციოდ მომზადების დროს, ბავშვი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ დაიღუპა.
“წინა დღეს გაუკეთეს, გუშინწინ გაუკეთეს ყველა ანალიზი, ყველაფერი აუღეს და ყველაფერი კარგი ჰქონდა. გუშინ დილის 9 საათზე დაგვიბარეს, რომ ბავშვი უჭმელი მიგვეყვანა და ოპერაცია ჩატარებულიყო. 12-ს რომ აკლდა წუთები, გამოგვიძახეს საოპერაციოდ. მე ზევით ავყევი ბავშვს, ნარკოზის გაკეთების დროს ბავშვმა მითხრა, ნარკოზის ნემსი რომ შეუყვანეს, მაშინათვე თქვა ბავშვმა, დედა ვიხრჩობიო. ასე მოიკიდა ხელი, ვიხრჩობიო და თვალი გადააბრუნა.
მე გარეთ გამომიყვანეს უცებ, ეს ნარკოზმა იცისო. მე არ ვიცოდი. არ ვიცოდი, თორემ არ დავტოვებდი. ქირურგიული ჩარევა მოხდა მაგრამ გართულება მოჰყვაო, მომატყუეს. მე ჩემს შვილს გავხადე და არ იყო ქირურგიული ჩარევა, საერთოდ არ იყო ხელი მოკიდებული ბავშვზე.
ნარკოზის გაკეთების დროს დამიღუპეს შვილი. ზედმეტი გაუკეთეს, ზედმეტი. თუ არ იცოდნენ, რატომ გაუკეთეს. გავასაჩივრებ, ის ნარკოზისტი შემახვედროთ. აუცილებლად გავასაჩივრებ და ექსპერტი გაუკეთებს ჩემს შვილს და რის ნიადაგზე მოხდა ეს ყველაფერი, მე უნდა ვიცოდე”, – ამბობს ბავშვის დედა.
მედიასთან კომენტარი გააკეთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ამბროსი პერტიამ. მისი თქმით, ექსპერტიზა დაადგენს, რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი.
“ბავშვს უტარდებოდა უროლოგიური ოპერაცია შარდსადენ მილზე. საწყისი ნარკოზის ჩატარების შემდგ, რამდენიმე წუთში განვითარდა სუნთქვის დარღვევა, გულის რიტმის დარღვევა და გულის გაჩერება. სიკვდილის კონკრეტული მიზეზი დადგინდება მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტიზის შედეგად. ყველა სამედიცინო კვლევა იყო ჩატარებული ნარკოზის სახეობის შესახებ, ეს იყო უკვე მესამე ჩარევა ამ პრობლემაზე, რამდენიმე წლის წინ ჩატარდა კიდევ ერთი, ოღონდ ის ჩატარდა ანესთეზიის სხვა სახეობით”, – განაცხადა მან.
ამასთან, უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეისწავლის. სააგენტოში აცხადებენ, რომ მოკვლევა უკვე დაწყებულია. იქნება თუ არა მოკვლევის დასრულებამდე რაიმე სანქცია გამოყენებული კლინიკის მიმართ, უცნობია.