ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ივნისიდან ვგეგმავთ -პრემიერი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ივნისიდან ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება.

„ანაკლიას რაც შეეხება, პროცედურები უკვე დაწყებულია. მაისის ბოლოსთვის უკვე სავარაუდოდ, გამოვლინდება კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე ივნისიდან დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

როგორც მოგეხსენებათ, უშუალოდ მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ამ სფეროში, ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით. შესაბამისად, არა მხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ ივნისიდან ვგეგმავთ უკვე კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით“, – დასძინა პრემიერმა.

მისი თქმით, მთავრობას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მკაფიო გეგმა აქვს.

„პროცედურები დაიწყება მარტში. მარტი, აპრილი, მაისი დასჭირდება ტენდერის დასრულებას. მაისის ბოლოსთვის უკვე ტენდერის პროცედურა იქნება დასრულებული, ივნისიდან იქნება შესაძლებელი სამუშოების დაწყება. ეს არის მკაფიო გეგმა, რომელიც აქვს მთავრობას და ამ გეგმას, რა თქმა უნდა, გავყვებით“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი