დღეს თუ ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, ეს პირველ რიგში, ყოველთვის ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ის რომ ქვეყანაში სტაბილურობაა და ეკონომიკა ვითარდება, ბიზნესმენ, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

“ბიძინა ივანიშვილის როლი არის განუზომელი, გადაჭარბების გარეშე. რომ მივყვეთ პროცესებს 2011 წლიდან, ამ ადამიანმა შეძლო შეუძლებელი. ძალიან კარგად მახსოვს 2011 წლის ვითარება, ადამიანებს არავითარი იმედი არ ჰქონდათ, რომ რაიმე შეიძლებოდა შეცვლილიყო. ამ დროს ვითარება იყო უმძიმესი, ყველას გვახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ. უამრავი უმძიმესი პრობლემა იყო და არავითარი იმედი არ არსებობდა. ოპოზიცია იყო უკიდირესად სუსტი და ამ ფონზე პოლიტიკაში შემოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. იქაც ბევრი პესიმისტურად იყო განწყობილი საერთო სურათიდან გამომდინარე, თუმცა მას ჭადრაკისებური გათვლა შეუძლია თავისი ნაბიჯების, სვლების და მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი 2012 წელს ცვლილებების განხორციელება. მაშინაც იყო ძალიან დიდი ინტერესი ქვეყნის გარედან. ეს ინტერესი იყო საპირისპირო და სწორედ იქით მიმართული, რომ ცვლილებები არ მომხდარიყო, თუმცა ამის გათვალისწინებითაც იმოქმედა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ყველაფერი ისე დაალაგა, რომ, საბოლოო ჯამში, შეუძლებელი გახდა, მათ შორის გარე ძალებისთვის, არჩევნების შედეგების და „ქართული ოცნების“ გამარჯვების გაპროტესტება. შემდეგი წლებიც იყო ძალიან რთული, იყო კოალიცია აბსოლუტურად ეკლექტური და იქაც ოთხი წელი ისე გაიარა ქვეყანამ და, მათ შორის, ჩვენმა გუნდმა, რომ ეს გამოწვევები წარსულს დარჩა და 2016 წელს შეიცვალა მოცემულობა. კოალიციურობიდან ჩვენ გადავედით უკვე „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ უმრავლესობაზე, რამაც ვითარების სტაბილიზაციისთვის შექმნა ძალიან კარგი პირობები. შემდეგ იყო ასევე 2020 წელი, საკმაოდ რთული პერიოდი, შემდეგი 4-წლიანი, 2020-2024 წლების პერიოდი. ყოველ ჯერზე ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო მთავარი ფაქტორი, რომელიც სტაბილურობას და განვითარებას განაპირობებდა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა „იმედის“ ეთერში.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ახლაც მნიშვნელოვან მომენტში მიიღო ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

„ეს იყო ერთი წლით ადრე ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე და, რა თქმა უნდა, ამ მოვლენამ, მისმა დაბრუნებამ შეასრულა განსაკუთრებული როლი ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაში. ჩვენ გვქონდა მანამდეც რთული სამი წელიწადი და მან ჩაუყარა საფუძველი ყველა იმ მიმართულებას, რომელმაც შეგვაძლებინა ჩვენ იმ სამი წლის განმავლობაშიც ამ სირთულეების დაძლევა და 2024 წელი იყო ამ ყველაფრის კულმინაცია. მისი დაბრუნება ყოველთვის ნიშნავდა და ნიშნავს გუნდის თვისებრივ, ფუნდამენტურ გაძლიერებას. დღეს თუ ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება თანმიმდევრულად, ეს არის ყოველთვის მისი დამსახურება, პირველ რიგში, და მომავალშიც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი განაპირობებს ქვეყნის სტაბილურ წინსვლას და განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი