ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის განსამტკიცებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კარგად გამოგვდის – კობახიძე

პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, “მიუხედავად დიდი ზეწოლისა, რომელიც იყო ბოლო წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ არა მხოლოდ შეინარჩუნა მშვიდობა, არამედ საქართველო მუდმივად ახერხებს მშვიდობის მხარდაჭერას რეგიონშიც“.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის და მოხარულები ვართ, რომ მეთოთხმეტედ ვმასპინძლობთ ამ ღონისძიებაზე ძალიან მაღალი რანგის სტუმრებს. წლევანდელი კონფერენციის თემაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი – ეს არის მშვიდობის როლი ქვეყნის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის და, ზოგადად, მსოფლიოს მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა ოთხი სხვადასხვა ომი. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა განვამტკიცოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს საკმაოდ კარგად გამოგვდის. მიუხედავად იმისა, რომ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ძალიან დიდი ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე, მოვახერხეთ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება. არა მხოლოდ ქვეყანაში ვინარჩუნებთ მშვიდობას, არამედ ვახერხებთ რეგიონშიც ჩვენს გარშემო მშვიდობის მხარდაჭერას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვისაც. ჩვენს ფართო რეგიონში სხვადასხვა ტიპის სირთულეებია და ამ ვითარებაში, საქართველო ყოველთვის, მთელი წლების განმავლობაში, დადებით როლს ასრულებდა მშვიდობის განვითარებაში, შესაბამისად, რეგიონში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში. დღევანდელი სამყარო არის ძალიან დიდი გამოწვევებით სავსე, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულად მშვიდობას – ჩვენ გვაქვს ფართო რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი, მასშტაბური ომი, ჩვენ გარშემო, სამწუხაროდ, არის არაერთი ომი და ასეთ ვითარებაში საჭიროა, ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი