მძიმე მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში, ერთმანეთთანაც არიან დაპირისპირებული – კობახიძე

პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, მძიმე მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში.

„ვხედავთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში. ერთმანეთთანაც არიან დაპირისპირებული, ორი პარტია ორ პარტიას აგინებს იმის გამო, რომ მათ გდაწყვიტეს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო, ნებისმიერ კონფიგურაციაში, ნებისმიერ ფორმატში 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. ამაზე მეტყველებს, მათ შორის კვლევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, და საერთო სურათი. ყველა ხედავს, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, აფასებს ყველაფერს და ამის გამოა აბსოლუტურად დისკრედიტებული რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში. ხედავდით, რომ მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში ეს ადამიანები, რადიკალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ეროვნული ინტერესები დაეზიანებინათ. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, არ გახსნილიყო მოლაპარაკებები საქართველოსთან და ასე შემდეგ, საკმაოდ ვრცელია ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ჩამონათვალი. ასეთ პირობებში არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ოპოზიცია კიდევ მეტად არის დასუსტებული, ვიდრე იყო ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნებამდე. შესაბამისად, ოპოზიცია ნებისმიერი კონფიგურაციით ძალიან მძიმე მარცხისთვის არის განწირული“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი