ზუგდიდში კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია დაარსდა. მეღვინეებისა და მევენახეებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფთან ერთად ასოციაციის დამფუძნებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაც. ასოციაციის თავმჯდომარედ მიხეილ ცირდავა აირჩიეს.
ასოციაციის დაარსებას წინ უძღოდა სამეცნიერო კონფერემცია „მეღვინეობა-მევენახეობა სამეგრელოში“, რომელიც ქალაქ ზუგდიდის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა. სწორედ ამ კონფერენციაზე დაისვა საკითხი შექმნილიყო კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია.
ახლადშექმნილი ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს მივიწყებული, გადაშენების პირას მყოფი კოლხური ვაზის ჯიშების აღდგენას და იზრუნოს მათ გაშენებაზე (კოლოში, ჭვიტილური, პანეში, ჩექობალი, ოჯალეში, ჩეში და ა.შ). ასოციაციაში გაწევრიანება ყველა მსურველს შეეძლება. გაერთიანების გეგმებში შედის ასევე სანერგე მეურნეობის შექმნა და ტრადიციული მეღვინეობის შესახებ მეწარმეთათვის ტრენინგების ჩატარება.