ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ თეთნულდზე ზაფხულის სეზონი გახსნა. სვანეთში არსებული კურორტი თეთნულდი პირველად უმასპინძლებს ვიზიტორებს ზაფხულში. საბაგიროები ყოველდღიურ რეჟიმში 10:00 საათიდან 16:30 საათამდე იმუშავებს.
კურორტი თეთნულდი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კმ-ში მდებარეობს. დამსვენებლებს თეთნულდზე სავარძლის ტიპის ოთხი საბაგირო დახვდებათ. საბაგიროს მეშვეობით კი შესაძლებელია ზღვის დონიდან უმაღლეს წერტილზე 3160 მეტრის სიმაღლეზე მოხვედრა, სადაც თეთნულდისა და უშბის ულამაზესი ხედებია.