ლაშა გოგია – ჩვენ თქვენთან მოვედით კონკრეტული გეგმებით, რომელიც შევიმუშავეთ და უკვე დამტკიცებულია

ჩვენ არ მოვდივართ, სურვილებით, ჩვენ არ მოვდივართ არარეალური დაპირებებით, ჩვენ თქვენთან მოვედით – კონკრეტული გეგმებით, რომელიც შევიმუშავეთ და უკვე დამტკიცებულია – ამ სიტყვებით მიმართა ზუგდიდი მერობის კანდიდატმა პროპორციული სიის წარდგენამდე, დადიანების ისტორიული სასახლის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას.

ლაშა გოგიამ სიტყვით გამოსვლა ოთხწლიანი გეგმით დაიწყო და განაცხადა, რომ გეგმის ფარგლებში, დაიწყება ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი:

“აქ თქვენგან ხელმარჯვნივ მდებარეობს უნიკალური ბოტანიკური ბაღი, რომლის სავალალო მდგომარეობაც თითოეული ზუგდიდელისთვის უპირველესი პრობლემა იყო. თუმცა წელიწადნახევარში ჩვენ, აქ გვექნება სრულიად განახლებული ბოტანიკურ ბაღი, რომლისთვისაც 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

აღდგება ბოტანიკური ბაღის სარწყავი სისტემა, ტბა, მოეწყობა დასასვენებელი ადგილები, ბილიკები, ღია კაფეები, განახლდება გამწვანება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დადიანების საჯინიბოს, ადმინისტრაციულ შენობას, მოეწყობა სანერგე მეურნეობა, გაიხსნება მებაღის სახლი, მოხდება ჯვარედინი სასახლის კონსერვაცია. ამ სივრცეს შეავსებს განახლებული ნიკოსეული სასახლე რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს”, – განაცხადა გოგიამ.

მერობის კანდიდატმა შეკრებილებს ასევე აუწყა შალვა დადიანის თეატრის რეაბილიტაციის პროექტის დაწყება, რომლისთვისაც მისი თქმით, 20 მილიონამდე ლარი დაიხარჯება:

“ისტორიული თეატრის მშენებლობის ნებართვას ხელი უკვე მოეწერა და ჩვენ, ძალიან მალე გვექნება სრულიად განახლებული შენობა, რომლის რეაბილიტაციისთვის ფონდი ქართუ 20 მილიონამდე ლარს ხარჯავს. ახალ თეატრს ექნება ევროპული სტანდარტების ორი დარბაზი, სახელოსნო,  სამკერვალო, საკონფერენციო დარბაზი, კაფე, განთავსდება სასტუმრო – გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის. დამონტაჟდება განათების, გახმოვანების უახლესი აპარატურა.

მადლობა თეატრის თითოეულ თანამშრომელს მოთმინებისთვის და გამძლეობისთვის. ორ წელიწადში მე თქვენთან ერთად დავესწრებით პრემიერას ახალ თეატრში”,- აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

ლაშა გოგიამ მხარდამჭერებთან მიმართვისას, გზების რეაბილიტაციას, წყალმომარაგებას და სხვა  ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაუსვა ხაზი:

“ჩვენ ვიცით პრობლემები რაც გაწუხებთ! უმთავრესი პრობლემა გზებია! რომელიც დისკომფორტს გიქმნით თითოეულ თქვენგანს, მაგრამ თითოეული ჩვენგანი სახლის შენებას საძირკვლიდან იწყებს, ჩვენც დავიწყეთ მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ქალაქში მიმდინარეობს საუკუნის პროექტები – ესაა წყალმომარაგების და წყალარინების ქსელის მშენებლობა, რაც ზუგდიდის უმთავრესი პრობლემა იყო ათწლეულების განმავლობაში. მიწისქვეშა სამუშაოების მოგვარების შემდეგ ჩვენ დავიწყებთ გზების რეაბილიტაციას, არ დაველოდებით სამუშაოების დასრულებას და როგორც კი მორჩება ამა თუ იმ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანა დავიწყებთ გზების დაგებას.

ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით ზუგდიდის სოფლებში 70-მდე პრობლემური გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება, აშენდება 14 ახალი ხიდი, 15 სოფელს მოუგვარდება წყალმომარაგების პრობლემა, აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 22 საბავშვო ბაღს. ავაშენებთ სპორტულ მოედნებს, განხორციელდება მელიორაციის, სანიაღვრეების, ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტები. კეთილმოეწყობა პარკები, სოფლის ცენტრები, აშენდება მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრები”, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი