ლაშა გოგია – მომავალი წლიდან რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა ჩვენთან ერთად აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს მოემსახურება

მომავალ წელს დასრულდება რუხის მულტიფუნქციური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, ეს კლინიკა ჩვენთან ერთად მოემსახურება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს – ამის შესახებ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, სადაც მან პარტიული სიის კანდიდატები წარადგინა.

„საუნივერსიტეტო კლინიკის  მეშვეობით, გვექნება საშუალება მივიღოთ მაღალი სამედიცინო მომსახურეობა. პირადად ჩემი გეგმაა, რომ კომბინატის საავადმყოფოს დაუბრუნდეს ფუნქცია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ! წელს პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გავხსენით ც ჰეპატიტის სკრინინგ ცენტრი. სოფლებში დღემდე არსებობს ამბულატორიების პრობლემა, თუმცა ჩვენ ვგეგმავთ ექიმის კაბინეტების და ამბულატორიების მშენებლობას. ჩვენ ვაშენებთ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალ შენობას, სამედიცინო პერსონალი დღემდე ავარიულ შენობაში მუშაობს და მათ მადლობა მოთმინებისთვის”, – განაცხადა გოგიამ.

მერობის კანდიდატმა, ასევე ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებზე ისაუბრა და განაცხადა რომ ამ პროგრამების დამხარებით მომსახურება 11 ათასამდე მოქალაქეს გაეწია.

„ჯანდაცვა და სოციალური დაცვა ჩვენი ხელისუფლებისთვის უმთავრესი მიმართულებაა, ჩვენ ვზრუნავთ მოქალაქეებზე ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2014 წლიდან დღემდე მთავრობასთან თანადაფინანსებით სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობა გაეწია 11 ათასამდე  მოქალაქეს.  რისთვისაც  4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ჩვენამდე ამ ქირურგიული ოპერაციებისთვის მოსახლეობა სახლებს ყიდდა, იპოთეკით ტვირთავდა და ხშირ შემთხვევაში კარგავდა კიდეც – დღეს ეს მომსახურება უფასოა.

ჩვენ გავზრდით სოციალურ პაკეტებს, რათა მეტმა მოქალაქემ მიიღოს დახმარება. ჩვენ შევქმნით ექიმთა საბჭოს რომელიც სოციალური და ჯანდაცვის კუთხით რეკომენდაციებს მოამზადებს.

ჩვენი მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ინოვაციური პროექტებით, ვახორციელებთ მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახებისთვის სახლების მშენებლობის პროექტს,  სახლები უკვე გადავეცით 41 ოჯახს, წელს კი ახალ სახლებს 27 ოჯახი მიიღებს. მომავალი წლიდან ამ პროექტს ქალაქშიც დავნერგავთ და მანამ გავაგრძელებთ სანამ თბილი, უსაფრთხო სახლის პრობლემა თუნდაც ერთ ოჯახს ექნება”, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

ლაშა გოგიამ სიტყვით გამოსვლისას, ბარამიას ქუჩაზე ბინების მშენებლობას გაუსვა ხაზი, სადაც მისი თქმით, დევნილებისთვის 26 თორმეტ სართულიანი კორპუსი შენდება. მისივე თქმით, დამატებით ახალი სახლების მშენებლობისთის ზუგდიდის ტერიტორიაზე 5 ჰექტარი მიწაა გამოყოფილი.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი