„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია სპორტის და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, ზუგდიდში საცურაო აუზი, სპორტკომპლექსი, კრივის დარბაზი და ჭადრაკის სასახლე მოეწყობა, მომავალ წელს კი მთლიანად დასრულდება უეფას სტანდარტების საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა, ზუგდიდში ასევე აშენდება რაგბის სტადიონი.
მერობის კანდიდატმა კულტურის სფეროში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრის სრული რეაბილიტაციის პროექტია, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება, ზუგდიდში წელსვე იწყება ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაცია, რომლის ბიუჯეტიც 10 მილიონი ლარია.
„მნიშვნელოვანია რომ კულტურის და სპორტის დაფინანსება 2012 წელთან შედარებით ადგილობრივ ბიუჯეტში ორჯერ გაზარდა. სპორტის სამინისტროსთან და სპორტულ ფედერაციებთან ერთობლივად ტარდება სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებები. გვაქვს ძალიან ბევრი მიღწევები, გვყავს ათის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი და სხვადასხვა საპრიზო ადგილის მფლობელები.
ჩვენი მიზანია განათლება, კულტურა და სპორტი ხელმისაწვდომი იყოს ყველა ადამიანისთვის, ნებისმიერ ახალგაზრდას გააჩნდეს ცოდნის გაღრმავებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა! ამ მიზნით ჩვენ გავხსნით ახალ ბიბლიოთეკებს და სპორტული დარბაზებს. ყველა სოფელს გაუჩნდება თანაბარი შესაძლებლობები და მიეცემა განვითარების დამატებითი საშუალებები.
ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი განათლების, კულტურის, სპორტის სფეროს ადამიანები, როგორც პარტიულ სიაში ასევე მაჟორიტარულ ოლქებში. მათ შორის არის კარატეში მეშვიდე დანის შავი ქამრის მფლობელი და საქართველოს კარატეს ისტორიაში პირველი საერთაშორისო კლასის მსაჯი კარატე-დოს მსოფლიო, ევროპის და რუსეთის ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი ბატონი მამუკა ყურაშვილი“ – განაცხადა შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.
მერობის კანდიდატმა, ზუგდიდელ ძალოსან ძმებს ირაკლი, გიორგი და გოგა ჩხეიძეებს წარმატებები უსურვა, ჩხეიძეები ხვალ ევროპის პირველობაზე ალბანეთში იასპარეზებენ.
„ასევე 18 ოქტომბერს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი იმართება ახალგაზრდებს შორის სადაც მიემგზავრება ჩვენი ევროპის პრიზიორი გიორგი ჩიქოვანი, მასაც წარმატებებს ვუსურვებთ, ჩვენ გვყავს ევროპის და მსოფლიოს 25 ჩემპიონი და ეს ნაყოფიერი მუშაობის შედეგია“ აღნიშნა მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე.